ფიფქია და შვიდი ჯუჯა (ინგლ. Snow White and the Seven Dwarfs) — პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი უოლტ დისნეის სტუდიის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი (პირველი 1917 წლის არგენტინული ფილმი „El Apóstol" იყო), იგი პირველი საყოველთაოდ ცნობილი ანიმაციური ფილმი გახდა ინგლისურენოვან სამყაროში და ასევე პირველი, რომელიც შეიქმნა ტექნიკოლორში.
„ფიფქია და შვიდი ჯუჯა" უოლტ დისნეის სტუდიის ნაწარმია. მისი პრემიერა 1937 წლის 21 დეკემბერს შედგა, თეატრებში კი 1938 წლის 8 თებერვალს გამოვიდა. ფილმი შეიქმნა ძმები გრიმების ზღაპრის „ფიფქია" საფუძველზე.
ფილმის სცენარით ბოროტი და შურიანი დედოფალი მისი გერის მოკვლას ცდილობს, მაგრამ გერი გაქცევას ახერხებს და მას შვიდი ჯუჯა იფარავს უღრან ტყეში. „ფიფქია და შვიდი ჯუჯა" ყველაზე წარმატებული კინოფილმი გახდა 1938 წელს და ყველა დროის მეათე ყველაზე მომგებიანი ფილმია აშშ-ში (ინფლაციის გათვალისწინებით).
გაყიდვების რაოდენობა და წლები
ფილმის განახლებული ვერსია პირველად 1944 წელს გამოვიდა. შემდგომში იგი გამოდიოდა 1952, 1958, 1967, 1975, 1983, 1987 და 1993 წლებში. საიუბილეოდ, 1987 წელს, გამოიცა მისი დაბეჭდილი ვერსია, რომელიც მწერალმა სიუზენ უეინმა შეადგინა.
1993 წელს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა" იქცა პირველ ფილმად, რომლის სამუშაო მასალა გადაყვანილი იქნა ციფრული ფაილების ფორმატში და კვლავ შედგენილ იქნა ფილმის სახით.