მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 30 » სიყვარულის ქიმია
10:27 PM
სიყვარულის ქიმია
The ChemistrYof Love 
საინტერესო სტატია სიყვარულის ქიმიაზე
მომინდა თქვენთვისაც გამეცნო
 

"შენ თვითონ წადი, მე აქედან აღარ მივდივარ. 
მაგრამ ეს რაა? შუშა ჩემი ტრფიალის ხელში! 
მაშ, საწამლავმა მოუღო მას უდროოდ ბოლო? 
ხარბო, სულ შესვი? მე კი წვეთიც არ დამიტოვე, რომ მე დავეხსენ! 
იქნებ, ბედზე, საწამლავი აქვს შერჩენილი და ის მომაკვდენს!” - ეს ჯულიეტას სიტყვებია, სიკვდილის წინ რომ წარმოთქვა. იმავე გრძნობაზე წერდა შანდორ პეტეფიც: "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, რაც გადის დრო და ხანი"; "ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავიო", - ამბობდა გალაკტიონი, ხოლო რემარკი გვირჩევდა, ნუ დამალავთ სიყვარულს, ნურც ბევრს იფიქრებთ, ნურც ანალიზს მოჰყვებით და ნურც არასასურველ შედეგებს წარმოიდგენთ, უბრალოდ, ადექით და ყველაფერი გაამხილეთო.

სიყვარულის საოცარი ამბავი გამახსენდა, სულ ახლახან ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე რომ ამოვიკითხე: მეორე მსოფლიო ომის დროს გაუცნიათ ერთმანეთი 15 წლის ბიჭს და 14 წლის გოგონას. ცუდ ადგილას გაუცნიათ - საკონცენტრაციო ბანაკში, და თუმცაღა იქ სიყვარულის არც დრო იყო და არც ადგილი, ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ბედმა ისე ინება, რომ ორივეს დაუღწევია თავი იმ საშინელი ადგილისთვის, მაგრამ მათი გზები გაყრილა. შემდეგ ორივეს თავ-თავისი ოჯახი ჰყოლია, მაგრამ ის უცნაური გრძნობა თურმე მთელი სიცოცხლე არ ასვენებდათ, ჰოდა, სიბერეში კვლავ უპოვიათ ერთმანეთი და მხოლოდ დიდხანს სიცოცხლესღა ნატრობენ, რომ დაკარგული წლები აინაზღაურონ...

ასეთი ისტორიები უსასრულოდ შეგვიძლია გავიხსენოთ. სიყვარულზე უწერიათ პოეტური შედევრები, შეუქმნიათ მხატვრული ტილოები, ტარიელივით უტირიათ, ათასგვარი გმირობა ჩაუდენიათ, სისულელეებიც ბლომად უკეთებიათ, სიცოცხლეც გაუწირავთ... 
და ეს ყველაფერი, ნუ იტყვით და, თურმე ქიმიის გამო ხდება. ოღონდ ადამიანებმა ეს არ იციან. ან ვის აინტერესებს, ამ დროს რა ტიპის რეაქციები მიმდინარეობს თავის ტვინში. აი, ძველმა იაპონელმა და ჩინელმა სწავლულებმა კი კარგად უწყოდნენ ამის შესახებ. მთელი თეორიაც კი ჰქონიათ შექმნილი იმ ქიმიური სტადიების შესახებ, რასაც თავის ტვინი განიცდის ამ დროს. ამერიკელი მეცნიერი ჰელენ ფიშერი დაინტერესდა ამ თეორიით და გამოკვლევაც კი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ რომანტიკული სიყვარულის განცდას ერთი უბრალო ქიმიური რეაქცია გვაიძულებს, რომლის პროდუქტიც ნივთიერება 2-ფენილეთილამინია, იგივე დოფამინი. სწორედ მისი დამსახურებაა მთელი ეს ემოციური აურზაური ჩვენს გონებაში.

მარტივი ნივთიერებაა, მაგრამ რა გრძნობებს იწვევს! სხვათა შორის, 100 გ შოკოლადი დაახლოებით 600 მგ ამ ნივთიერებას შეიცავს.

სიყვარულსა მალვა უნდაო, ნათქვამია. აქ გაფრთხილებაც იგულისხმება - მეტისმეტად სათუთიაო. იქნებ იმიტომ, რომ 2-ფენილეთილამინი ძალიან სწრაფად იშლება ფერმენტ მონოამინოოქსიგენაზის მეშვეობით. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმია - აბა, წარმოიდგინეთ, უპასუხო სიყვარულის შემთხვევაში 2-ფენილეთილამინი დიდხანს რომ არ დაიშალოს, პირიქით, სინთეზი განაგრძოს, რა დაემართება ადამიანს. კარგი არაფერი. თუმცა, კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ ეს ნივთიერება სტაბილურად გამომუშავდება დაახლოებით 12-17 თვე.

იმ "დამნაშავეთა" ნუსხას, რომლებიც თავში არეულობას იწვევენ, ენდორფინები ("სიხარულის ჰორმონები") აგრძელებენ. მათ ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. სიყვარულის გრძნობის გამყარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ ნივთიერებებს აკისრიათ. ზოგიერთი მეცნიერი მათ ხუმრობით "საიმედო ურთიერთობის მოლეკულებსაც" კი უწოდებს. ქიმიური ბუნებით ისინი პეპტიდებს, ცილოვან ნივთიერებებს წარმოადგენენ. მათი მოქმედება ანალგეტიკებისას (ტკივილგამაყუჩებლებისას) ჰგავს. გარდა ამისა, ისინი ეიფორიულ მდგომარეობაში ამყოფებენ ადამიანს და, როგორც ჩანს, მიჯნურებიც სწორედ მათი გავლენით უჩვენებენ სატრფოებს "საქმეთა საგმიროთა"... სხვათა შორის, კარგი მეხსიერება და შრომისუნარიანობის ამაღლებაც ენდორფინების დამსახურება ყოფილა.
სიყვარულში ყველაზე აქტიური β-ენდორფინია, რომელიც 31 ამინმჟავური ნაშთისგან შედგება:


პეპტიდური ჰორმონების წარმომადგენელი ოქსიტოცინი ჰიპოთალამუსში სინთეზდება. ის მხოლოდ ცხრა ამინმჟავურ ნაშთს და დისულფიდურ ხიდაკს შეიცავს. მისი აღნაგობა 1953 წელს ფრანგმა მეცნიერმა დე ვინიუმ დაადგინა. თურმე ოქსიტოცინი, განსაკუთრებით - ქალებში, ერთგულებაზე აგებს პასუხს:

თუმცა სიყვარულს ტანჯვაც ახლავს, განსაკუთრებით - პირველ ხანებში, როცა არაფერია გარკვეული, და უნდობლობაც. ამიტომაც არ სჯეროდა ჯულიეტას სატრფოსი და სთხოვდა, მთვარეს ნუ იფიცებ, რაიმე უფრო საიმედო შემომფიცეო: "ო, მერყევ მთვარეს ნუ ფიცულობ, იგი მუდამ თვე ღალატობს თავის მრგვალ სახეს და შენი ტრფობაც იმ მთვარის მსგავსად ცვალებადი ნუ შეიქმნება!" მთელი ამ უსიამოვნების მიზეზი სეროტონინია - სიამოვნების ჰორმონი. უფრო სწორად, მისი სინთეზის მკვეთრი შემცირება (თუმცა ხომ შეიძლება, ამ დროს თავად მივეშველოთ ორგანიზმს? შავი მწარე შოკოლადი სეროტონინის ნამდვილი საბადოა). სამაგიეროდ, ადრენალინის გამოყოფა ძლიერდება და საბრალო შეყვარებულიც ხან უბედურია და ხან მეცხრე ცაზე დაფრინავს, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თვითონაც არ იცის, რატომ.

ჩამოთვლილ ნივთიერებებს კიდევ ერთ რამეში მიუძღვით ბრალი: "ვარდისფერ სათვალეს" გვჩუქნიან ხოლმე. სწორედ ამ სათვალის წყალობით გვეჩვენება ტრფობის საგანი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე... თუმცა ისეც ხდება, რომ როგორც კი ყველაფერი ადრინდელ რიტმს დაუბრუნდება, სათვალე სადღაც ქრება და გვიკვირს, ეს ჩემი სატრფო ასე უცბად რამ შეცვალაო. სინამდვილეში კი სწორედ ასეთი გვიყვარდა, ოღონდ ქიმიის მიერ ნაბოძები "ვარდისფერი სათვალის" წყალობით ნაკლს ვერ ვამჩნევდით.

სიყვარული პოეზიაში გულთან ასოცირდება: "გულს რად მიკლავ, მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავრებია, მე ხომ გულით ვიხედები, გული ჩემი თვალებია", ან კიდევ: "შენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა". მართლა აქვს გულს რაიმე კავშირი სიყვარულთან? თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ამ ყველაფერში თირკმელზედა ჯირკვალი უფროა დამნაშავე - ადრენალინი ხომ სწორედ აქ სინთეზდება. გული კი ამ ჰორმონის გავლენით უფრო ხშირად ძგერს, ეს არის და ეს. ზოგიერთი ამას სიყვარულის რიტმს უწოდებს, თუმცა რიტმი ასევე იცვლება, როდესაც ადამიანს რამისა ეშინია ან ღელავს.

ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ზემოთ აღწერილი ქიმიური რეაქციების კასკადი სრულფასოვნად (ანუ ყველაზე მძაფრად) მხოლოდ ერთხელ შეიძლება დატრიალდეს. ამით მეცნიერებს იმის თქმა სურთ, რომ ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეიძლება ეწვიოს. ამიტომ მისი მიზანია, იპოვოს ის, ვისთანაც მთელი ეს ქიმია ყველაზე ეფექტური იქნება. ოღონდ, აი, ძებნაში ქიმია, სამწუხაროდ, ვერავის ეხმარება... მაგრამ, აი, ერთ მშვენიერ დღეს დაინახავ მას და... უკითხავად დაიწყება რეაქციათა ციკლი. როგორც კი დოფამინის პირველი, სულ მცირე ულუფა წარმოიქმნება, მაშინვე მასზე იწყებ ფიქრს.

ყველაფერი ფიქრით იწყება...






























































იმედია, მოგეწონათ <3
P.S. დოფამინი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა :დ
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 905 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-07-04 Spam
woow !!
ra saintereso iyoo <3
yochaag :**