მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » შანელი/Chanel
9:04 PM
შანელი/Chanel

მოდის სამყაროში არ არსებობს "შანელზე" ცნობილი ბრენდი. XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი ფრანგული კომპანია მოდის სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტი - სუნამო "შანელი #5" 90 წლის შემდეგაც გაყიდვის მხრივ პირველია მსოფლიოში.
"შანელის" წარმატება განუყოფლად უკავშირდება კომპანიის ფუძემდებელ გაბრიელ (კოკო) შანელს.


გაბრიელის ბავშვობას ჩვეულებრივი ნამდვილად არ ეთქმოდა და სწორედ ამან განსაზღვრა მომავალი უდიდესი იმპერიის ფუძემდებლის მსოფლმხედველობა. იგი თავშესაფარში გაიზარდა. 18 წლამდე მისი ცხოვრება მხოლოდ გამუდმებული აკრძალვები იყო. ალბათ, ამანაც გაუჩინა გოგონას წარმატების მიღწევის სურვილი. 18 წლის გაბრიელმა პირველი სამუშაო იშოვა - გამყიდველად მოეწყო ტანსაცმლის მაღაზიაში. დამატებითი შემოსავლისთვის კი კაბარეში მღეროდა. სწორედ კაბარემ მისცა გაბრიელს ცნობილი მეტსახელად "კოკო" - გოგონას განსაკუთრებით ორი სიმღერა უყვარდა: Ko Ko Ri Ko და Qui qua vu Coco. აღტყინებული მაყურებელიც "კოკოს" ძახილით ითხოვდა ამ სიმღერებს და ასე შერჩა მას სამუდამოდ თიკუნი კოკო.

კოკო განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თაყვანისმცემლები ყოველთვის მრავლად ჰყავდა და მათ დიდად განსაზღვრეს ქალის მომავალი წარმატება. პარიზში კოკო სიყვარულის წყალობით მოხვდა - იქ მისი სატრფო ეტიენ ბალსაკი ცხოვრობდა. მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მისი წყალობით კოკო ევროპის ყველაზე ცნობილ ქალაქში აღმოჩნდა და პირველი საკუთარი მაღაზიაც გახსნა მისი უხვი დაფინანსების წყალობით. მომდევნო საყვარელმა, ინგლისელმა მეწარმე არტურ კაპელმა კი უფრო დიდი გავლენა იქონია ქალის მომავალზე. სწორედ არტურის ფულით გახსნა შანელმა მოდის სახლი პარიზში 1910 წელს, რომელიც მალევე გახდა პოპულარული პარიზელ მოდის მიმდევრებში. შანელამდე ქალბატონები სხვაგვარად იცვამდნენ, მოდის სახლის მიერ წარმოდგენილი კოლექცია კი სრულიად არ შეესაბამებოდა მაშინდელ წარმოდგენებს მოდის შესახებ. შანელმა თავისუფალი, გულამოჭრილი და დამოკლებული კაბები შესთავაზა კორსეტებში გაჭედილ, კოჭებამდე გრძელკაბიან მანდილოსნებს, მანამდე კი ისინი მოდური შლაპებით მოხიბლა. გაყიდვამ პირველსავე წელს მოლოდინს გადააჭარბა და მაღაზიამ კამბონის ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც დღემდე რჩება. 1913 წელს Chanel S.A.-ს ქსელმა გაფართოება დაიწყო და მაღაზია მოდურ კურორტ დოვილშიც გახსნა.

შანელის წამოწყებას - მოდურ თავსაბურავებს - დიდი მოგება მოჰქონდა, თუმცა ქალის მიზანი ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმნა იყო. მაგრამ კანონმდებლობით კოკოს ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან პროფესიონალი მკერავი არ გახლდათ. ეს კანონით ისჯებოდა კიდეც. მაშინ კოკომ ხერხი იხმარა, მან ქალის ტანსაცმლის კერვა დაიწყო ჯერსისგან, - სპეციალური ქსოვილისგან, რისგანაც მხოლოდ მამაკაცთა ქვედა საცვლებს კერავდნენ.

საინტერესო იყო კოკოს მუშაობის მეთოდი. ის არავითარ ესკიზს არ ქმნიდა, არამედ ქსოვილს უშუალოდ მოდელს ჩამოაცმევდა და ასე "ასწორებდა" და ხვეწდა მომავალ სამოსს. ეს იმისთვის კეთდებოდა, რათა დაენახა, როგორი იქნებოდა კაბა მოძრაობისას. შანელისთვის მთავარი იყო, ტანსაცმელი მოსახერხებელი ყოფილიყო და მან ამას მიაღწია.

შავი ფერის მოდა
კოკო შანელმა ელვის სისწრაფით დაამსხვრია მოდის სამყაროში მყარად გამჯდარი სტერეოტიპები და ასეთივე სისწრაფით მოექცა პარიზის მოდის ოლიმპზე. კაბა-ხალათი, პლაჟის კოსტიუმი, შარვალი - ეს კოკოს მიერ შემოტანილი სიახლეები იყო, რაც ფრანგებმა აიტაცეს. "მოდა ის გასართობი იდეაა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელო", - ამბობდა შანელი. კომპანიის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1919 წელი, როცა არტურ კაპელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კოკოზე ამ ტრაგედიამ ძალიან მძიმედ იმოქმედა. როგორც ამბობენ, სწორედ ამის გამო შემოიტანა მოდაში შავი ფერი, რომელსაც მანამდე მხოლოდ გლოვის ნიშნად იცვამდნენ. ავი ენები ამტკიცებდნენ, კოკომ შავი ფერი იმიტომ აირჩია, რომ მთელი პარიზის ქალებს "ეგლოვათ" მის მაგივრად - მას არ შეეძლო არტურის სიკვდილის გამო ძაძა ჩაეცვა, რადგან მისი ცოლი არ იყო. ასე იყო თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება - იმ დღიდან შავი ყველაზე მოდური ფერი, ანუ მოდის ეტალონი გახდა.

იმ დროისთვის კოკოს უკვე განსაზღვრული ჰქონდა საკუთარი სტილი, რომლის ერთგულიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. 1917 წელს შანელმა თმა მოკლედ შეიჭრა. მას მოსწონდა მოკლე ვარცხნილობა, თანაც თმის მოსავლელად ნაკლებად სჭირდებოდა დრო, რომელსაც კოკო მეტად აფასებდა. პარიზი მალე მოკლეთმიანი ქალებით აივსო.

"შანელის" შავი კაბა იდეალური თარგით გამოირჩეოდა. იგი მუხლს ფარავდა, მაჯებამდე სახელოები კი ვიწრო იყო. უცნაურია, მაგრამ კოკოს მუხლები ქალის სხეულის ერთ-ერთ უშნო ნაწილად მიაჩნდა და მის სიცოცხლეში ფირმას მოკლე კაბა არ გამოუშვია.
მოკლედ, მოდა წინ მიიწევდა, მისი საჭე კი კოკო შანელს ეპყრა, და არავინ იცის, რომ არა პირადი ტრაგედია, ვიხილავდით თუ არა ამ შესანიშნავ კაბას, რომელმაც კომპანიის ბედი შეცვალა. გაბრიელ შანელს თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში კიდევ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ის ერთადერთი, რომელიც ქალს საკურთხეველთან მიიყვანდა, არა და არ გამოჩნდა. კოკოს არც შთამომავლობა ჰყოლია, რომელსაც თავის იმპერიას დაუტოვებდა.


შავი კაბა კი უკვე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და თავდაჯერებულად ცვლიდა ქალთა გარდერობში ყველაფერს, რასაც მანამდე "მოდური" ერქვა. ყოველ წელს შავი კაბის ახალ-ახალი მოდელები გამოდიოდა და დღევანდელი მოდური შავი კაბაც სწორედ შანელის პირველი შავი კაბის "შვილთაშვილია".

"ქალი ქალის სურნელით"
მეორე ძირითადი პროდუქტი "შანელისთვის" გახდა XX საუკუნის ყველაზე პოპულარული სუნამო "შანელი #5". ამ ცნობილი სუნამოს შექმნა რუს დიდ მთავარს, დმიტრი რომანოვს უკავშირდება. უნდა ითქვას, რომ კოკოს რუსი მამაკაცები დიდად არ იზიდავდა, ამბობდა, ისინი ლამაზი და წარმოსადეგი არიან, მაგრამ მათში არყის გარდა არაფერიაო. თუმცა რასპუტინზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო პარიზს თავშეფარებული, უქონელი დიდი მთავარი მისი საყვარელი გახდა. შანელისთვის "რუსული პერიოდი" დაიწყო. სწორედ რომანოვმა გააცნო კოკოს ცნობილი პარფიუმერი ერნესტ ბო, ვისი მამაც წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის მეფის კარზე.

უნდა ითქვას, მანამდე ქალის სუნამოები ძალზე ერთფეროვანი იყო - ლავანდის, ვარდის ან ჟასმინის არომატით. მათი წარმოებისას არ იყენებდნენ რამდენიმე სურნელს. ერთი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ ერნესტ ბომ შანელს წარუდგინა რამდენიმე ნიმუში, რომლებიც შეიმუშავა "ქალისთვის, რომელსაც ქალის სურნელი აქვს". შანელმა #5 სინჯი მოიწონა. ასე მოევლინა 1921 წელს ქვეყანას უკვდავი სუნამო "შანელი #5". იგი 80 არომატს შეიცავდა, მაგრამ არც ერთი ცნობილი ყვავილის არომატს არ იმეორებდა. სუნამოსთვის საგანგებოდ შეიქმნა ბროლის სწორკუთხოვანი შუშა, პატარა ეტიკეტით "Chanel #5". იმავე დღიდან სუნამომ მსოფლიოს დაპყრობა დაიწყო და დღემდე მასავით დედამიწაზე არც ერთი სუნამო არ იყიდება.

მოდის მბრძანებელი
შანელის სახლმა რამდენიმე ხანში კიდევ ერთი სიახლე - სამკაული წარმოადგინა. ამ ნაბიჯით კოკომ უკვე საკუთარ თავსაც გადაამეტა - მან ბუნებრივი ქვები ხელოვნურს შეუხამა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა კოკო უკვე მიჩვეული იყო ამას - რასაც მისი სახლი უშვებდა, ყველაფერი მოდური ხდებოდა!

შანელის კოლექციაში მომდევნო ცვლილებაც კოკოს მორიგ გამიჯნურებას უკავშირდება. მოდის სახლის დიასახლისს ვესტმინსტერის ჰერცოგი შეუყვარდა და მის შემოქმედებაშიც "ინგლისური პერიოდი" დაიწყო. მათი რომანი 14 წელიწადს გაგრძელდა. ამდენსავე ხანს გრძელდებოდა შანელის "ინგლისური ხანა", რომლის ყველაზე თვალში საცემი სიახლე იყო ჩვეულებრივ სვიტერზე ძვირფასეულობის გაკეთება. შანელამდე კონსერვატორულ ინგლისში ეს წარმოუდგენელი და ყოვლად მიუღებელი გახლდათ. ოღონდ - შანელამდე!

როდესაც 46 წლის კოკოს ექიმებმა განუცხადეს, რომ შვილს ვერასდროს გააჩენდა, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1931 წელს გაბრიელმა ამერიკას მიაშურა დროებით, სადაც ჰოლივუდში კონტრაქტს მოაწერა ხელი 1 მილიონ დოლარზე. ეს ცნობა ნამდვილ სენსაციად იქცა.
1939 წლის შემოდგომაზე შანელის სახლმა მუშაობა შეწყვიტა - ევროპაში ომის გამო მოდისთვის აღარავის ეცალა. 1953 წელს "შანელმა" კვლავ გახსნა კარი, რათა მნახველი ახალი სამოსით გაეოცებინა. სწორედ ამ დროს დაიწყო ბრენდის ექსპანსია ოკეანის გაღმა, აშშ-ში, სადაც მოდის სახლმა უდიდესი წარმატება მოიპოვა.


87 წლის ასაკში, 1971 წლის 10 იანვარს მოდის გრანდი გარდაიცვალა. დღეს მისი კომპანიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი მთავარი დიზაინერი კარლ ლაგერფელდია. რასაკვირველია, მან თავისი სიახლეები შეიტანა შანელის სახლში. კომპანია მაინც გადავიდა მოკლე კაბებზე, რასაც, ცხადია, კოკო არ მოიწონებდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მოდა შორს დგას უწინდელი სინატიფისგან, პროდუქციას ხომ გაყიდვა სჭირდება. დღეს "შანელი" ლუქსის კლასის ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც საფრანგეთის დახვეწილობასა და თვით პარიზის რომანტიკულობას განასახიერებს...

* * *
კოკო შანელმა შექმნა ბიჟუტერია და საცურაო კოსტუმი, მათი თანამედროვე გაგებით. შანელმა ჩამოართვა მამაკაცებს მონოპოლია შარვალზე. კოკომ დაამკვიდრა ქალებისთვის მოკლედ შეჭრილი თმა, აგრეთვე პიჯაკები, რომელთა გარეშე თანამედროვე ქალის სილუეტი წარმოუდგენელია. დღეს გვგონია, რომ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ამ სიახლეებმა მთელ XX საუკუნეს გაუძლო და ნათელია, რომ მათ XXI საუკუნეშიც არ დათმობენ. მოდის სამყაროში ეს არნახული და ალბათ განუმეორებელი შედეგია.
"შანელის" ქსელი დროთა განმავლობაში ვერთჰაიმერების ოჯახმა გამოისყიდა. საფრანგეთის მოქალაქეების, ალან და ჟერარ ვერთჰაიმერების ქონება "ფორბსმა" ბოლო, 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ რეიტინგში $7,5 მილიარდად შეაფასა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 122-ე ადგილიც მიაკუთვნა. მათი დიდი პაპა პიერ ვერთჰაიმერი 1920-იან წლებში კოკო შანელის კომპანიონი და მოწილე გახდა, მისმა შთამომავლებმა კი შემდეგ ფირმა მთლიანად შეიძინეს. ალანისა და ჟერარის "ერთადერთი საკუთრება" დღეს სწორედ "შანელის" ბრენდია.


ბევრი ვიწვალე და ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ .. ))
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1284 | დაამატა: -NiniKunna♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2013-01-13 Spam
Eseti maq zustad madmuazeli ogond shignit stafilosferi wyali asxia biggrin nu wyali raa :d agari siaxlea ))