საშიში ისტორიები 2 ნაწილი 2 / Part 2
13 საფეხური
- დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად.
- ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი.
- ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე.
- სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც.
- რომელი ქალაქი?
- მალტბაი, ჩვენს მეზობლად.
- აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა.
- როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ამბობდა, რომ იქიდან უცნაური ხმები ისმოდა, მაგრამ ამ ყველაფერს გარეულ ცხოველებს მიაწერდნენ. 1887 წელს ტყე გაჩეხეს და მალტბაი გააშენეს.
ქალაქის ბოლოს ხალხმა ძველი საფლავები იპოვნა, რომელიც მათ მოსვლამდე იყო გაკეთებული. უცნაურია ვინ დაასაფლავეს შუაგულ ტყეში.
დროთა განმავლობაში გაჩნდა ლეგენდა ცამეტი საფეხურის შესახებ. ერთ ერთ საფლავს, რომელსაც შიგნით აკლდამა ჰქონდა გაკეთებული, მიწაში ჩასასვლელი 13 კიბე ჰქონდა, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯოჯოხეთში ჩაჰყავდა იქ ჩამსვლელი ადამიანი. ბნელი კიბეები პირდაპირი გზა იყო მიწისქვეშეთა სამყაროსკენ.
თუ შეძლებდი და ბოლო საფეხურამდე ჩახვიდოდი, ჯოჯოხეთის გამოსახულებას მოკრავდი თვალს. ეს იყო პორტალი, რომელიც მიწისქვეშეთს დედამიწასთან აკავშირებდა.
იმასაც ამბობენ, რომ ცამეტი კიბის დაბლა ხის უბრალო სკამი დგას. თუ ამ სკამზე დაჯექი, ეს იმას ნიშნავს, რომ სული ეშმაკს მიჰყიდე და უკვე ჯოჯხეთს ეკუთვნი. ასე რომ იქიდან დაბრუნებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებ.
ჯონმა ისიც მითხრა, რომ მისი რამდენიმე მეგობარი ნამყოფი იყო იქ, მაგრამ სამი საფეხურის მეტი ვერ გაბედეს ჩასვლა, რადგან ფანრის შუქზე კიბეებს დასასრული არ უჩანდა – ჯეისონმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და დაამატა – საინტერესოა არა?
ისტორია მართლაც საინტერესო იყო, შეიძლება თქვას საშიშიც.
- არ მჯერა – თქვა კრისმა და თავი გაიქნია – ზღაპარია. შენს დეიდაშვილს უთხარი საშინელებათა კინოების ყურებას მოეშვას.
- მოდი წავიდეთ, რამდენიმე საათის სავალია – წამოაყენა წინადადება კელიმ, რომელიც გატაცებული იყო ქალაქური ლეგენდებით.
- ჰო მართლა, უიქენდზე წავიდეთ, მამაჩემის მანქანას წამოვიყვან. ჯოჯოხეთში თუ არ მოვხვდით, ცოტას მაინც გავერთობით.
* * *
- დიდი შანსია ვერ მივაგნოთ, ყველა კი ვერ პოულობს ამ საფლავს – ამბობდა ჯეისონი და ანთებული ფანრით მეგობრებს წინ მიუძღოდა. ტომმა გზა ასწავლა, მაგრამ თვითონ არ გამოყვათ, საქმეები მოიმიზეზა.
მალტბაის სასაფლაოზე ბნელოდა. მეჩხერად იყო ჩამწკრივებული ძველი საფლავები. გულდასმით ათვალიერებდნენ თვითოეულ მათგანს.
- ეს რა არის? აქ მოდით – დაიყვირა კრისმა და ფანარი ჩაანათა აკლდამას.
- აკლდამა, წესით ეს უნდა იყოს.
მძიმე კარები ოდნავ ღია იყო დატოვებული, როგორც ჩანს ცნობისმოყვარე ხალხი ხშირად აკითხავდა ამ ადგილს.
კიბეები. აი ისინიც. სიბნელეში ბოლო არ უჩანდათ. კრისმა ჩაანათა ფანრით, მაგრამ დაბლა არაფერი გამოჩნდა.
აკლდამაში ისეთი ცუდი აურა იყო დაგუბებული, რომ ლივმა ვერ გაუძლო და გარეთ გავარდა.
- ჰმ – ჩაილაპარაკა ჯეისონმა – როგორც ვატყობ მარტო მომიწევს ჩასვლა, რომ პატარა მშიშრებს დავუმტკიცო ჯოჯოხეთის არსებობა.
- ფრთხილად – ჩაილაპარაკა კრისმა და უკან დაიხია.
ჯეისონმა ღრმად ამოისუნთქა და პირველ კიბეზე ჩადგა ფეხი. არაფერი განსაკუთრებული. ჩავიდა მეორე საფეხურზეც.
- აბა, უკვე იქ ხარ? – მიაძახა კრისმა. კელის ფხუკუნი აუტყდა.
ჩავიდა მესამე საფეხურზე და ისევ არაფერი.
უკვე თამამად მიაყოლა რამდენიმე საფეხური და მეექვსე კიბეეზე უკვე გაშეშდა. მოულოდნელი სიცივე იგრძნო, თითქოს ათასმა ქარმა ერთად დაუბერა და ძვლები გაუყინა.
გაუბედავად ჩადგა კიდევ ერთი საფეხური. სკეპტიციზმი უკვალოდ გაქრა და მისი ადგილი შიშმა დაიკავა.
მერვე საფეხურზე ფანარი ჩაუქრა და შორიდან უცნაური ხმები მოესმა. იფიქრა ზევიდან მაშინებენო და გზა გააგრძელა. მეცხე, მეათე, მეთერთმეტე… მოეჩვენა თითქოს სიბნელეში ლანდები გაკრთა. რაღაც ექაჩებოდა თავისკენ, უკან შებრუნების საშუალებას არ აძლევდა. უდიდესმა და დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.
მეთორმეტე კიბეზე ყველაფერი განათდა და ცეცხლის ენები გამოჩნდა. განუწყვეტელი გუგუნის ხმა ისმოდა, თითქოს დედამიწის შუაგულში იყო მოხვედრილი. თვალები დახუჭა და მეცამეტე კიბეზეც ჩავიდა…
ჯეისონი მეექვსე კიბიდან უკვე აღარ ჩანდა და ზევით დარჩენილი მეგობრები პანიკამ შეიპყრო. დაბლა ჩასვლა ვერავინ გაბედა. ჯესონი იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა.
მომდევნო დღეებში მალტბაის მოსახლეობამ 13 საფეხური ცემენტით ამოავსო და აკლდამა ჩაკეტა. იმის მერე პორტალი აღარ გაღებულა.
(მალტბაი, დასახლება ვაშინგტონში, რომლის სასფლაოც მოჩვენებებითაა ცნობილი და დაწყევლილ ადგილად მოიხსენიება. 13 საფეხური ნამდვილი ქალაქური ლეგენდაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს)
15 წელი შიშში
8 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერლინგემში სახლი იყიდეს. როცა სახლში პირველად შევედით, დედას ვუთხარი: "როგორ ბნელა აქ”. დედამ დამამშვიდა, რომ კედლებს შეღებავდნენ, დიზაინს შეცვლიდნენ და მალე ნათელი, მზიანი სახლი გახდებოდა. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიბნელე, კედლის ღრიჭოები რაღაც საიდუმლოს ინახავდა.
რამდენიმე დღით ადრე, მამა და მისი მეგობარი დიკი იყვნენ სახლში, რათა იატაკი დაემუშავებინათ. როცა დრელი ჩართეს, რადიომიმღები აფეთქდა, შემდეგ ნათურები ჩაქრა და ელექტროენერგია გამოირთო. მათ გაყვანილობა შეამოწმეს, მაგრამ დაზიანება ვერ იპოვეს. მამამ კავშირგაბმულობიდან ხელოსანი გამოიძახა, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა ურჩია მავთულების ხელახლა გაყვანა. ჩვენდა გასაკვირად, ხელოსნის წასვლის შემდეგ ელ.გაყვანილობა ამუშავდა.
მშობლები მეზობლებს დაუმეგობრდნენ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ მაინც დავრჩებოდით დიდხანს, რადგან წინა მობინაადრეებიდან ყველა 1-2 თვე რჩებოდა და მერე სხვაგან გადადიოდა.
სახლში გადასვლისას რამდენჯერმე ისეთი ხმა გავიგეთ, თითქოს ვიღაც იატაკზე დადიოდა, შიგადაშიგ კარზე კაკუნიც იყო. უკანა კარები რამდენჯერმე თავისით გაიღო და დაიხურა, რასაც მოსდევდა კიბეებზე ჩასვლის ხმა. როცა საწოლში ვწვებოდი, ზედ სახესთან ვიღაცის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი. მშობლები მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა, ან სხვა რამის ხმა იყო და მე მივამსგავსე უბრალოდ. რამდენჯერმე მომესმა, რომ დედამ დამიძახა, როცა მასთან მივედი, ის გაოცებული იყო, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. საწოლში ხშირად ვპოულობდი გრძელ ჟღალ თმას. რამდენჯერმე გამეღვიძა, როცა ვიღაცა ფეხზე, კოჭთან მკიდებდა ხელს და საწოლიდან ჩამოთრევას ცდილობდა. მშობლებმა ესეც არ დამიჯერეს და მითხრეს, რომ კოშმარი რეალობად აღვიქვი. რამდენჯერმე გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ალაგ-ალაგ თმა მქონდა შეჭრილი.
ერთხელ ნაშუადღევს საწოლ ოთახში ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვიღაცა მომჩერებოდა. ავდექი, მივედი კარებთან და შუქი ჩავაქრე. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ჩემს საწოლზე ვიღაც ქალი იჯდა. მას გრძელი წითური თმა ჰქონდა და გამჭირვალე იყო. მოჩვენებების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა, როცა ფაქტს შევეჩეხე, შიშმა ამიტანა. გავვარდი და სააბაზანოში შევიკეტე. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ მართალი იყო, რასაც მოჩვენებებზე ამბობდნენ, ის სააბაზანოს კედელში გაივლიდა და მასთან ერთად ჩაკეტილი აღმოვჩნდებოდი. გავხსენი კარები და სასტუმრო ოთახში გავიქეცი.
მეორე დღეს მშობლებს ვუამბე, რაც ვნახე. მათ ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, რომ ეს ადგილი სავარაუდოდ დაწყევლილი იყო. ჩემს მიერ ნანახ მოჩვენებას კი ფლორენსი ერქვა. ამ დროს უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ამ სახლში ვცხოვრობდით. ერთხელ კი, როდესაც საწოლში ჩაწვნენ და შუქი ჩააქრეს, ჭერზე ორი მოქანავე თავი დაინახეს, რომელიც მათ მიშტერებოდა. ამის შემდეგ მათ ჩემი ყველა ნაამბობი ირწმუნეს და უნდობლობისთვის ბოდიში მომიხადეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, "სტუმრებთან” კავშირიპლანშეტის მეშვეობით დაგვემყარებინა. მაგრამ ამან მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. მე ორი მოჩვენება დავინახე, ჩემმა მშობლებმა გაცილებით მეტი. წიგნებმა გადაადგილება და "ფრენა” დაიწყეს, იატაკზე დაგებული ხალიჩები ამოძრავდა.
ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ხასიათი შეეცვალათ, უფრო გაუხეშდნენ და წვრილმანებზე კამათობდნენ.
დემონი, რომელიც გავათავისუფლე
ეს მოხდა 2004 წელს. 12 წლის ვიყავი და სასწავლო წელი ახალი დაწყებული იყო. მე და ქეითი დავუმეგობრდით გოგონას, რომელსაც სარა ერქვა და დაინტერესებული იყო ზებუნებრივი მოვლენებით. სარასთან ყოფნისას ძირითადი სასაუბრო თემა მოჩვენებები და იდუმალი ამბები იყო. ერთ დღეს მან გვითხრა, რომ ჯადოსნობისა და Wicca-ს რამდენიმე რიტუალზე წაიკითხა და მათი ჩატარება შემოგვთავაზა. არ ვიცი, ქეითს სჯეროდა თუ არა, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა, ეს რიტუალები რა შედეგს გამოიღებდა, ამიტომ დავთანხმდით.
ჩატარების წესებიდან ზოგი ინტერნეტში ამოვიკითხეთ, ზოგი წიგნებიდან, ზოგიც ჩვენ დავუმატეთ. შიგადაშიგ შედეგი მართლაც ჰქონდა, მაგალითად რამდენჯერმე იმაზე გაცილებით მაღალი ქულა ავიღე ტესტებში, ვიდრე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე შემეძლო. მე ვთხოვე ქეითსა და სარას, არ ჩაგვეტარებინა წყევლის რიტუალები, რადგან ეს შავი მაგია იყო. თუმცა მათ არ მომისმინეს და ერთხელ გავიგონე, როგორ წარმოსთქვამდნენ მაგიურ ფრაზებს ერთ-ერთი მასწავლებლის მისამართით, შემდეგ კი ვუდუს თოჯინებიც გააკეთეს.
ერთხელ სახლში მარტო ვიყავი და კომპიუტერთან ვიჯექი. მონიტორზე ანარეკლი შევნიშნე, რომელიც უკნიდან მიახლოვდებოდა. ისე ჩანდა, თითქოს მას წითელი თვალები ჰქონდა. შემდეგ ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და წამოვხტი, მაგრამ ოთახში რომ მიმოვიხედე, მარტო ვიყავი. არ ვიცი, ეს ვინ ან რა იყო, მაგრამ შევშინდი, ვგრძნობდი, რომ ის ჩემზე გაბრაზებული იყო. მეორე დღეს სარამ მითხრა, რომ სახლში ადამიანის მსგავსი სილუეტი დაინახა. მის გარდა ამ სილუეტის ხილვა არავის შეეძლო ოჯახში. სარამ მითხრა, რომ ეს ახალგაზრდა გოგონას სული იყო.
მე გამუდმებით ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა მუდმივად უკან დამდევდა და საშინლად ვძულდი. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა რიტუალების ჩატარება, რადგან როგორ ჩანს, კარები შევაღეთ იმ სამყაროში, რომლის არსებობაზეც აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა.
წლების განმავლობაში ისეთი რამეები ხდებოდა ჩემს თავს, რასაც სხვა ვერ აღიქვამდა. ერთხელ ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე შავი კვამლი დავინახე, ღამით კი ჭერზე თეთრი სახე დავლანდე, რომელიც მომშტერებოდა. სკოლაში წასვლისას გზაზე უსახო, ძველ ტანისამოსში გამოწყობილი მოხუცი ქალი შემეფეთა. შობა დღეს კი, როცა 13 წლის ვიყავი, წიგნს ვკითხულოდი მითებსა და ლეგენდებზე. მარტო ვიყავი სახლში და შუასაუკუნეების კუდიანებზე რომ დავიწყე კითხვა, უნებლიედ წინ გავიხედე. ისევ ის შავი კვამლი იყო, რომელიც მალევე გაქრა. ისე შემეშინდა, რომ წიგნი დავხურე, თაროზე შემოვდე და ჩემს ოთახში შევირბინე. ვგრძნობდი, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი და "ის” მომშტერებოდა. გადავწყვიტე, გარეთ გავსულიყავი. კარებისკენ რომ გავიქეცი, თაროებიდან წიგნები ჩამოცვივდა. საბედნიეროდ, ეზოში გასვლა მოვახერხე. იქ ვიცოდი, რომ ვერაფერს დამიშავებდა.
15 წლისა სკოლიდან გამოვედი და დროის დიდ ნაწილს სახლში ვატარებდი. დადარდიანებული ვიყავი, რადგან მეგობრები დავკარგე (მათ შორის სარა და ქეითიც) და არ ვიცოდი უსაქმურობისგან რა მეკეთებინა. ერთხელ სახლში ყოფნისას ორი წლის წინანდელი ამბავი განმეორდა. "ის” ისევ ჩემს წინ იდგა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი მის არსებობას. მსგავსი შემთხვევები გახშირდა და ისეთმა შიშმა ამიტანა, რომ თავის მოკვლაც ვიფიქრე. ზოგჯერ კი გაუცნობიერებლად ვაკეთებდი რაღაცებს. მაგალითად, ერთხელ დედამ ერბოკვერცხი შემიწვა. მე ჩავფიქრდი და რომ გამოვერკვიე, საჭმლის ნარჩენები კედელზე იყო, თეფში დამსხვრეული, დედა კი მიყვიროდა. მოგვიანებით მითხრა, რომ მე საჭმლიანი თეფში ავიღე და ვესროლე, თან ვკიოდი, რომ ამ საზიზღრობის ჭამა არ მინდოდა. მივხვდი, რომ ბოროტ ძალას დროის პატარა მონაკვეთებში ჩემი შეპყრობა და მართვაც შეეძლო.
16 წლის ასაკში გადავწყვიტე, როგორმე დამესრულებინა ეს კოშმარი. წამოვწექი და თვალები დავხუჭე, ვცადე მასთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ რაც მოხდა, იმის ახსნა ძნელია. თითქოს ჩემმა გონებამ ან სულმა სხეული დატოვა და კოსმოსში გაიჭრა. ვხედავდი ვარსკვლავებს, ვმოძრაობდი უკუნ სიბნელეში. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ მან თავი დამანება. შემდეგი წლები ძნელი გადასატანი იყო ჩემთვის, დეპრესია მჭირდა და გამიძნელდა განათლების დასრულება და შემდეგ სამუშაოს პოვნა. ახლა 19 წლის ვარ. პარანორმალურ მოვლენებზე საკმაო ლიტერატურას გავეცანი და ვიცი, რომ ეს ძალა, რომელიც არ მასვენებდა, დემონი იყო. დემონი, რომელიც ჩემმა რიტუალებმა მოიზიდა.
ცხოვრება ხელახლა დავიწყე და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ თვითმკვლელობისგან მიხსნა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ სამყაროში არსებობენ ბოროტი ძალები და უმჯობესია მაგიისგან თავი შორს დაიჭირონ, თორემ შეიძლება ჩემსავით აერიოთ ცხოვრება.
მესამესაც დავდებ მერე თუ გინდათ daamowma-mariko1
|