მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 26 » Nona Giunashvili Interview
12:15 PM
Nona Giunashvili Interview

ნინო გიუნაშვილის ინტერვიუ
 
სანამ გახდებოდა ქვეყნის 

"ნიჭიერი"



რამდენიმე თვის წინ ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე ნონა გიუნაშვილი მხოლოდ ოცნებობდა
გამარჯვებაზე. გუშინ კი ნიჭიერი მხატვარი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მფლობელი და პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა. 

ქვეყნის ყველაზე ნიჭიერმა, ნონა გიუნაშვილმა 9 აპრილის ტრაგედია პირველად ხუთი წლისამ დახატა
გთავაზობთ ნონას ინტერვიუს, რომელიც 
პროექტის დასაწყისშია ჩაწერილი.

ნონა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხატვას ასწავლის. ცაციაა და მისი ნახატებიც სწორედ ამ ხელით სრულდება. ჩვენ შევეცადეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო თქვენთვის ამ პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე.

- ნონა, მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ. როგორი ბავშვობა გქონდათ, რა ინტერესები, როგორი ოჯახი?


- ქალაქ გორში დავიბადე, თბილ და მშვიდ გარემოში. ბავშვობის ასაკში ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა: დამეღუპა და, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ეს იმხელა დარტყმა იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბავშვობის ლამაზი წლები მაშინ დამთავრდა. 

- შეიძლება გკითხოთ, რა მიზეზით დაიღუპა თქვენი და?

- სრულიად მოულოდნელად ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ მე 9 წლის ვიყავი. ცხრა თვით ჩემი მშობლები მასთან ერთად ლენინგრადში გადაბარგდნენ. იქ მკურნალობდნენ, მაგრამ... ამ პერიოდში მე და ჩემი და-ძმა ბებიასთან ვიზრდებოდით. 

საბედნიეროდ, მყავს კიდევ ერთი და და ძმა, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის. ამ ტრაგედიის მიუხედავად, ჩემი მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩვენი ოჯახი მყარი და ჰარმონიული ყოფილიყო ჩვენთვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამისთვის.

- ხატვა როდის დაიწყეთ?

- ადრეულ ასაკში. ვხატავდი მაშინ, როცა რამე განსაკუთრებით მაწუხებდა ან მიხაროდა. 5 წლის ვიყავი, როცა 9 აპრილი დავხატე. 7 წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში დავიწყე სწავლა. 4 წელი ვისწავლე. ამ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი გავხდი, თუმცა გარეგნულად ნაკლებად მეტყობოდა, რას განვიცდიდი. 

მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით. 16 წლის ასაკში სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე. ამ პერიოდისთვის უკვე კარგად მესმოდა, რომ ხატვა ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. 

პირველ კურსზე, ანუ საკმაოდ ადრეულ ასაკში, გავთხოვდი. ორი შვილი შემეძინა და საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა შემოქმედებითი თვალსაზრისით.

- რა ასაკისანი არიან თქვენი შვილები? თუ ხატავენ?

- გიგა 10 წლისაა, გვანცა - 8-ის. უყვართ ხატვა და გამოსდით კიდეც, განსაკუთრებით, გვანცას. სულ ხატავს, როგორც მე მის ასაკში.

- მეუღლე რა პროფესიის არის?

- ნოდარ შუბითიძე სპორტსმენია, მკლავჭიდში მრავალგზის ჩემპიონი. ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. 

- ქვიშაზე ხატვა როგორ დაიწყეთ?

- დიდი ხანი არაა, რაც ქვიშაზე ვხატავ, მაგრამ ამის სურვილი სულ მქონდა. პირველად ეს აგვისტოს ომის შემდეგ ვცადე. მინდოდა, ჩემი განცდები ისე მომეყოლა, რომ ყველაფერი იმედიანად დასრულებულიყო. სხვადასხვა ქვიშით ვცადე. 

უბრალო მინაზე ვხატავდი და უფრო და უფრო მიტაცებდა ეს პროცესი. მერე ჩემი მეუღლის დახმარებით დავხაზე მაგიდა, რომელიც სახატავად მჭირდებოდა და ავაწყობინეთ. შემდეგ გავიგე, რომ სპეციალური ქვიშა, რომელიც სახატავად გამოიყენება, ძალიან ძვირი ღირს და არც იშოვება. ამას ვულკანური ქვიშა ჰქვია. მე კი ჩვეულებრივი, ყვითელი ქვიშა გავცერი წმინდად და ამით დავიწყე ხატვა. 

- იმედიანი ნამდვილად იყო თქვენი ნომერი "ნიჭიერში", "კიდევაც დაიზრდებიან", მაგრამ გასახსენებლად, ალბათ, ძალიან რთულია ის დღეები. იქნებ მაინც სცადოთ...

- მართლაც ძალიან რთული დღეები გადავიტანეთ. ერთი მთლიანი დღე სარდაფში გავატარეთ. ამ დროს ჩემი მეუღლე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ჩვენ გვერდით არ იყო, ვერც ვუკავშირდებოდი. 

ვცდილობდი, როგორმე ძლიერი ვყოფილიყავი ჩემი შვილებისთვის და არ შემეძლო. იძულებულები გავხდით, ქალაქი დაგვეტოვებინა. ძალიან მეშინოდა, რომ ვეღარ დავბრუნდებოდი ჩემს სახლში. იმ დღეებში თბილისში თემქის საბავშვო ბაღში ვიყავით დევნილებად და არ ვიცოდი, როგორ იყვნენ ჩემი ქმარი, ჩემი ახლობლები, იყვნენ თუ არა ცოცხლები. 

პირველი დაბომბვის დროს დედაჩემს ჭურვის ნატეხი ხელში მოხვდა და დაიჭრა. 
საბედნიეროდ, ოჯახის წევრები ყველა გადავრჩით, მაგრამ ბევრი მეგობარი დავკარგეთ.

- სამწუხაროა... "ნიჭიერს" დავუბრუნდეთ. აქამდე რატომ არ სცადეთ ბედი ან ახლა როგორ გადაწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობა, ვინ გირჩიათ?

- არ ვიცი, როგორ გითხრათ, თავდაჯერებულობა მაკლდა. როცა ომის თემაზე დავიწყე ხატვა, იმდენად მომინდა, ეს ყველაფერი მთელი საქართველოსთვის მომეყოლა, გადავწყვიტე, ჩემი სათქმელი სწორედ ამ პროექტით მეთქვა. არ ვიცოდი, ამას ხალხი როგორ მიიღებდა, მაგრამ სურვილს ავყევი და მართლაც მთელი გრძნობით დავხატე.

- "ფეისბუქის" გვერდზე თქვენი ნახატები დავათვალიერე. იქ პატრიარქის, ვანო ჯავახიშვილის, ლელა წურწუმიას პორტრეტები აღმოვაჩინე. როგორ არჩევთ სახეებს პორტრეტებისთვის?

- პორტრეტებს ხშირად ვხატავ. შეკვეთებსაც ვიღებ ხოლმე. ფეისბუქზე ყველა ადამიანის პორტრეტი არ მიდევს. ბევრი სხვა ცნობილი სახეც დამიხატავს.

- ვანო ჯავახიშვილის პორტრეტი, ალბათ, ახალი დახატული გაქვთ. რა ხასიათი აღმოაჩინეთ მასში?


- თქვენ წარმოიდგინეთ, არც ისე ახალია ეგ პორტრეტი. ვანოს ძალიან სუფთა გული და კეთილი თვალები აქვს. ასეთი იუმორის მიუხედავად, მასში არ არსებობს ცინიზმი. 

დადებითი ადამიანი დავხატე მასში. ასეთივე სიყვარულითა და სიმპათიით დავხატავდი ჟიურის დანარჩენ ორ წევრს, სოფოსა და გეგას. ვფიქრობ, რომ ძალიან უხდებიან ამ პროექტს და მეც გამიმართლა, რომ ამ ადამიანებს შევხვდი.

http://marao.ambebi.ge/-წყარო-
gaalamaza Tatam
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 742 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2012-06-26 Spam
m,agari siaxlea yochag <3
imsaxurebda gamarjvebas amrtlac <3
ise me oto buadzesken vikavi biggrin