მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » მაწაწა
5:01 PM
მაწაწა
მაწაწა სკოლაში დადის, მაგრამ დიდი არ გეგონოთ, ჯერ მეორე კლასშია.
უყურადღებოა და ამიტომ წერის დროს ასოები ერთმანეთში ერევა: წ-ს მაგივრად შ-ს წერს, ლ-ს მაგივრად ღ-ს, ნ-ს მაგივრად წ-ს, დ-ს მაგივრად ლ-ს, ხ-ს მაგივრად ძ-ს, ფ-ს მაგივრად თ-ს... მოკლედ, მაწაწას ნაწერი ნამდვილი რებუსია, კარგად თუ არ დაუკვირდი, ვერაფერს გაიგებ.
თავის სახელსაც ასე წერს: მ ა წ ა წ ა.
ამიტომ ყველა მაწაწას ეძახის, ისე, მანანა ჰქვია.
- იცოდე, ყურადღებით წერე, - აფრთხილებს-ხოლმე მასწავლებელი.
მაწაწა თავს დაუქნევს, კარგითო, მაგრამ მერე ათასი რამ გაახსენდება: ხან ეზოსა და გართობაზე ფიქრობს, ხან გემრიელ ნამცხვარზე, ხან საყვარელ მულტფილმზე... მოკლედ, ყველაფერზე ფიქრობს მაწაწა, წერის გარდა.
- ძალიან უყურადღებოა, - ეუბნება-ხოლმე მაწაწას დედას მასწავლებელი.

დედა ნერვიულობს, ცდილობს, როგორმე გამოასწოროს შვილი, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ერთხელ მაწაწამ სიზმარი ნახა. არა, გასაკვირი არაფერია, სიზმარს ყველა ნახულობს, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მაწაწა სიზმარში ზუსტად ისე ალაპარაკდა, როგორც წერდა.



აი, მაწაწას სიზმარი:

-ლელიკო, ლელიკო, - გაეღვიძა მაწაწას. პასუხი არავინ გასცა. არც გასცემდა. აბა, დედიკომ რა იცოდა, რომ მაწაწა მას ეძახდა.

- სალ არის ლელიკო, თათა მიწლა. - ესე იგი, სად არის დედიკო, ფაფა მინდაო, ხმამაღლა აბურტყუნდა მაწაწა და სამზარეულოში გატანტალდა. იქ დედიკო რაღაცას საქმიანობდა.

- თათა მიწლა, - გაუმეორა დედიკოს მაწაწამ.

- თათა ვინ არის? - ჰკითხა გაოცებულმა დედამ.
- კიწ ვი არა, რა, - ესე იგი, ვინ კი არა, რაო, მაგრამ დედამ ვერაფერი გაიგო.

- თათა მიწლა, თათა, - ააბაკუნა ფეხები მაწაწამ.

- ვერაფრით დაგეხმარები, - მხრები აიჩეჩა დედამ, - იქნებ წესიერად ამიხსნა, რა გინდა?

- რა მიწლა ლა მნია, მნია, - რა მინდა და მშია, მშიაო, უნდოდა ეთქვა.

- იცი რა, - უთხრა დედამ, - სანამ ნორმალურ ლაპარაკს არ ისწავლი, ჩემგან ვერაფერს მიიღებ.

- ნყაღი მაიწც ლამაღეკიწე, - შეეხვეწა დედას მაწაწა, წყალი მაინც დამალევინეო, მაგრამ დედამ ყურადღება არ მიაქცია.

- იცოლე, გაკიბუცები, - იცოდე გავიბუტებიო, ჩაიბუტბუტა მაწაწამ და ახლა ბებოსთან წავიდა, იქნებ მას გავაგებინო რამეო.

- რაო, მაწაწა, რა გინდა? - ჰკითხა ბებომ ოთახში შესულ შვილიშვილს.

- მნია, მნია, - მშია, მშიაო, ახლა ბებოს უთხრა მაწაწამ.

- ვერაფერი გავიგე, - უთხრა ბებომ.

- ამლეწს ვშუშუწებ ღა არ გესმიფ, - ამდენს ვწუწუნებ და არ გესმითო, - ბებოსაც გაებუტა მაწაწა და ბაბუსთან წავიდა.

- ლელიკომ მანყეწიწა, - დედიკომ მაწყენინაო, მაგრამ ვერც ბაბუმ გაიგო მისი ნათქვამი.

- წამცძვარი მაიწც მიყილე, - ნამცხვარი მაინც მიყიდეო, მაგრამ ბაბუმ მაინც ვერ გაიგო, რა უნდოდა მაწაწას.

მაწაწა ახლა მამასთან შევიდა.

- მნია, - უთხრა, მაგრამ ამაოდ, მამიკომაც არ მიაქცია ყურადღება. ადგა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა.

დედას გემრიელი ხაჭაპურები და კრემიანი ნამცხვრები დაეცხო და ახლა სუფრას შლიდა.

- რა ვარგია, - გაიხარა მაწაწამ, - აძდა მაინც ნევჩამ, - ახლა მაინც შევჭამო.

- რა თქვი? - ჰკითხა დედამ.

- რა ლა შაჩაპური ლა ვრემიანი წამცძვარი მიწლა, - რა და ხაჭაპური და კრემიანი ნამცხვარი მინდაო, უპასუხა მაწაწამ და ის იყო, ხაჭაპურის მოზრდილ ნაჭერს წაეტანა, რომ დედამ ხელი გააშვებინა.

- ხომ გითხარი, სანამ წესიერად არ ამიხსნი რა გინდა, ვერაფერს მიიღებ. რაც შეეხება შაჩაპურს და ვრემიან წამცძვარს, ასეთი საჭმელი არ გამიგია. შენ თუ იცი, წადი, მოძებნე და ის მიირთვი.

მშიერი მაწაწა თავის ოთახში დაბრუნდა და ტირილი დაიწყო.



- მაწაწა, მაწაწა, გაიღვიძე, რა გატირებს? - გააღვიძა სწორედ ამ დროს დედამ.

მაწაწამ თვალები გაახილა, საწოლზე წამოჯდა, სიზმარი ყოფილაო, ამოისუნთქა შვებით, მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებდა, ვაითუ მართლა ისე დავილაპარაკო, როგორც სიზმარშიო, მერე გაბედა და ამოიზლუქუნა.
- ცუდი სიზმარი ვნახეეეე...

- და რა ნახე ასეთი სიზმარში? - მიეფერა დედა.

- როგორც ვწერ, ისე ვლაპარაკობდი და ჩემი არ გესმოდაათ... - ისევ ამოიზლუქუნა მაწაწამ.

დედა რისი დედა იყო? მიუალერსა მაწაწას, დაამშვიდა, გულში ჩაიკრა.

- დედიკო, გეფიცები, ასე აღარ დავწერ, - ცოტა რომ დამშვიდდა, უთხრა დედას მაწაწამ და თვითონაც ჩაეხუტა, - ახლა მივხვდი, რა ცუდი ყოფილა არეულად წერა.

ის დღე იყო და ის დღე, მაწაწას წერის დროს შეცდომა აღარ დაუშვია.
აი, ნამდვილ სახელს კი მაინც აღარავინ ეძახდა. შერჩა და შერჩა მაწაწა
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 623 | დაამატა: Mary_Selena | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 8
2012-02-09 Spam
es motxroba vici chem dzmas misca rusulis maswavlebelma rusulad unda etargmna:D