ლონდონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია.მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,278,251 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 13,709,000 ადამიანი
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი", დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა „დიდი ლონდონი". ლონდონმა სამჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.