ჩემს ძმას ჩარლი ჰქვია. ამ საღამოს მე ის ჭაში ჩავაგდე. მესმოდა როგორ ბუყბუყებდა მისი ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ბოლო ნაკადი. რამდენიმე წუთი ბოროტი სიამოვნებით ვუყურებდი მის პატარა, მოფართხალე სხეულს, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. დედამ მოირბინა ჩარლის ყვირილზე და ჭიდან ამოათრიეს. დედა ტიროდა, რადგან ეგონა, რომ ჩარლი მოკვდა, მაგრამ ის ცოცხალი იყო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა. საღამოს, ძილის წინ მარწყვის კექსიც აჭამეს, თან ტიროდნენ და ეფერებოდნენ, მამამ ისიც თქვა, ჩარლიმ ალბათ ეს სპეციალურად გააკეთაო და თან თავზე ეფერებოდა.
ჩარლიმ თქვა, რომ ფეხი დაუცდა, ჩემზე არაფერი უთქვამს. კიდევ კარგი, თორემ ამას უარესი შედეგი მოჰყვებოდა. მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე. მე ყურადღებას აღარავინ მაქცევდა, ყველანი მას ევლებოდნენ თავზე.
მეორე დღეს ჩუმად შევედი მის საძინებელში და კისერზე თოკი შემოვახვიე. ჩარლი ტირილით გაიქცა მშობლების ოთახში და შესჩივლა, რომ მისი დახრჩობა მინდოდა, მაგრამ დედამ და მამამ დატუქსეს და უთხრეს, ჩემთვის ასეთი რამე აღარ დაებრალებინა. იმ საღამოს არც კექსი მისცეს. საბრალო ჩარლი, ახლა მაინც არ იყო მისი ბრალი არაფერი.
იმ საღამოს დედას სამჯერ ვთხოვე ჩემთვის ნამცხვარი მოეცა, მაგრამ ყურადღება არც მომაქცია, თითქოს არც ესმოდა ჩემი. მგონი მიხვდა ჩარლი მე რომ ჩავაგდე ჭაში.
აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მე და ჩარლი კარგად ვუგებდით ერთმანეთს, როცა დედიკო მას მანქანას ყიდულობდა, ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა თოჯინა, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას გვაქცევდა ორივეს, მაგრამ ერთი თვის წინ ყველაფერი შეიცვალა, მშობლებმა გადამიყვარეს, მთელი ყურადღება ჩემს ძმას მიაქციეს და მე ზედაც აღარ მიყურებდნენ. ჩარლიც აუტანელი გახდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო და აღარ მეთამაშებოდა. როცა ოთახში შევდიოდი, ის გადიოდა და მერიდებოდა.
ერთ საღამოსაც გამომიცხადა, რომ ის, დედა და მამა ზღვის სანაპიროზე მიდიოდნენ დასასვენებლად, მე კი არ მივყავდით. ამან სულ გამაგიჟა და გადავწყვიტე ჩარლი სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან, რადგან მშობლებს ნელ-ნელა ვკარგავდი.
ახლა ღამის თორმეტი საათია, ჩარლის რამდენი ხანია სძინავს, მშობლების საძინებელშიც ჩაქრა შუქი. ახლა კი ჩარლის ყვირილის საშუალებას ნამდვილად აღარ მივცემ, თოკს მოვუჭერ კისერზე და როცა სუნთქვას შეწყვეტს, ოთახიდან გამოვალ. დედა და მამა მის გარეშე წავლენ დასასვენებლად, და როცა ისინი დატოვებენ სახლს, მე დავბრუნდები ბაღის ბოლოში, იმ საშინელ თეთრ ყუთში, სადაც ერთი თვის წინ დამმარხეს.
|