ფესტივალ „კომიკ-კონის" პირველსავე დღეს ტრაგედია დატრიალდა. ქალბატონი, რომელიც ფილმ „ბინდის" დასკვნითი ნაწილის საყურებლად მიეშურებოდა, მანქანამ გაიტანა. ინციდენტი სან-დიეგოს კონფერენს-ცენტრის მახლობლად მოხდა. დაზარალებულმა თავის ქალის სერიოზული დაზიანება მიიღო და რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, „საგას" ფანატმა გზა წითელ შუქნიშანზე გადაჭრა და ავარია სწორედ ამან გამოიწვია. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი დაახლოებით 53 წლის იყო და მას „ბინდის" ფან-კლუბში „გიზელას" სახელით იცნობდნენ. ფილმის ფანატებმა დაღუპულის ოჯახის დასახმარებლად თანხის შეგროვებაც დაიწყეს. „ბინდი. საგა. განთიადი. ნაწილი 2"-ის პრეზენტაციაზე დასწრება არც ისე მარტივია, ვინაიდან მასზე დიდი მოთხოვნაა. „გიზელამ" რიგი ჯერ კიდევ კვირას დაიკავა, თუმცა დარბაზის გახსნის დროს იგი კონფერენს-ცენტრის ტერიტორიის მიღმა აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ადგილის დაკარგვის შიშით აჩქარებულმა ფანატმა შუქნიშანს ყურადღება აღარ მიაქცია, რასაც მისი სიცოცხლეც შეეწირა
|