თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც საზოგადოება მსგავსი საკითხების მიმართ საკმაოდ ტაქტიანი და თავშეკავებულია, სამი წლის განმავლობაში თითით საჩვენებლად იყო ქცეული გოგონა, რომელიც „კლოუნის ცხვირით" დაიბადა - ცხვირზე თანდაყოლილი, წითელი ლაქით. 2008 წლის სექტემბერში დაბადებული კონი ლოიდის მშობლები შოკში ჩავარდნენ, როცა ჩვილი პირველად ნახეს, მაგრამ ექიმებმა იქვე დაამშვიდეს, რომ სამი წლის შემდეგ შესაძლებელი გახდებოდა ოპერაციის ჩატარება და წითელი ლაქის მოშორება. მანამდე კი კონის დედ-მამამ ნამდვილი ჯოჯოხეთი გადაიტანა: ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდან, სეირნობის დროს, ისინი ბავშვს კარგად ფუთავდნენ, რომ გამვლელებს მისი „წითელი ცხვირი" არ შეემჩნიათ და არ ეხუმრათ. მაგრამ ცხვირის შეფუთვა არ გამოდიოდა - ბავშვს უნდა ესუნთქა...
როცა წამოიზარდა, უკვე ორი წლის შემდეგ, კონი გულჩათხრობილი ბავშვი გახდა: თანატოლებთან სათამაშოდაც ვერ გადიოდა და დედას ხშირად ეკითხებოდა, რატომ აქვს მას ცხვირი წითელი, დედას კი თეთრი. დედა სიცილით უხსნიდა, რომ სულ ცოტა ხანში გაიღვიძებდა, სარკეში ჩაიხედავდა და ზუსტად ისეთი ცხვირი ექნებოდა, როგორიც დედიკოს ჰქონდა. ბავშვს არ სჯეროდა, მაგრამ ხასიათზე მაინც მოდიოდა ხოლმე.
რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი ბავშვებიც, ვინც კონის თანაუგრძნობდნენ და სხვა ბავშვებისგან ბოროტ დაცინვას მასთან ერთად იგერიებდნენ, მაგრამ უმრავლესობა მის დანახვაზე იცინოდა და არამარტო პატარები...
ბოლოს და ბოლოს, დედის მიერ დაპირებული დღეც დადგა. კონისთვის წითელი სისხლჩაქცევებისა და ლაქების მოშორებას სამსაათიანი, ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. როცა ოპერაციის შემდეგ ბავშვმა სარკეში ჩაიხედა, ცხვირზე ხელი მოისვა და სიხარულით წამოიძახა: „მართალია! ახლა მე ზუსტად დედიკოს მსგავსი ცხვირი მაქვს!" „თავდაპირველად სპეციალისტები გვეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა, ოპერაციის დროს კონის დიდი რაოდენობით სისხლი დაეკარგა და დაღუპულიყო. გვთავაზობდნენ რაღაც აბებს, მაგრამ მე ჯიუტად ვეძებდი სპეციალისტს, რომელიც მას ლაქას მოაშორებდა. ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე კიდეც და ახლა კონი ბედნიერია. მას ცხვირზე მხოლოდ მცირე ზომის წერტილები დარჩა, მაგრამ კონი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მაშინაც სრულყოფილების განსახიერება და ულამაზესი ბავშვი იყო, როცა ცხვირზე ლაქა ჰქონდა", - ამბობს კონის დედა.
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:751 | დაამატა:queen♥ | რეიტინგი:5.0/1