ცოტა ხნის წინ 19 წლის მომღერალმა, სელენა გომეზმა, თავის ერთ–ერთ თაყვანისმცემელს ოცნება აუხდინა. ეს ყველაფერი კი რადიოწამყვანის, რაიან სიკრესტის, წყალობით მოხდა, რომელმაც თავის შოუს, On Air With Ryan Seacrest–ის ფარგლებში წამოიწყო აქცია KllSmas Giving. საახალწლო პროექტი ნამდვილ სასწაულებს ახდენს – ასე ვთქვათ, თხოვნებს ასრულებს.
ერთხელ რაიანმა ლოს–ანჯელესიდან ვინმე სარასგან წერილი მიიღო. სარა 13 წლის ჰანას ინსტრუქტორია. ჰანა იშვიათი გენეტიკური დაავადებით – პროგერიით არის დაავადებული. ამ დროს ადამიანი 8–10–ჯერ უფრო სწრაფად ბერდება. წერილში ქალბატონი წერს, რომ ჰანასთვის ცხოვრება „დროსთან ჭიდილია", ასეთი ადამიანების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 13 წელია. ჰანას კი სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ცამეტი... პატარა გოგონა საყვარელ მომღერალთან, სელენასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. რაიანმაც გულგრილად ვერ დატოვა ეს თხოვნა, ჰანას 1000 დოლარი გაუგზავნა, პარალელურად კი სელენა გომეზთან მოლაპარაკებები დიაწყო.
აი რას ყვება სიკრესტი: „სელენა ერთ–ერთი უკეთილშობილესი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ლოს–ანჯელესში ალბომს წერდა. როდესაც დავურეკე, გასამგზავრებლად ემზადებოდა უკვე. ჰანას ისტორია მოვუყევი და მაშინვე წავიდა გოგონასთან საავადმყოფოში."
ინსტრუქტორის მონათხრობი: „როდესაც სელენა მოვიდა, თვალებს ვერ დავუჯერეთ. ბედნიერების მეშვიდე ცაზე ვართ დღემდე. ჰანამ არაფერი იცოდა. სიურპრიზი გავუკეთეთ. სელენა შევიდა მასთან ოთახში და უთხრა: „გამარჯობა ჰანა, როგორ ხარ?" ჰანა შოკში იყო, ვერ იჯერებდა. როდესაც სელენა წავიდა, ჰანამ ტირილი დაიწყო. „არ მჯერა,. რამდენი რამის თქმა მინდოდა და ვერ ვუთხარი, იმიტომ რომ ვიტირებდი და მისი თანდასწრებით ტირილი არ მინდოდა, მეშინოდა ბავშვივით არ მოვქცეულიყავი." პატარა გოგონამ მომხდარს „საუკეთესო საშობაო საჩუქარი" უწოდა.